Jean Monnet Professor, Jean Monnet Chair in the European Constitutional Law
15 სექტემბერი 2024 – ბათუმი, საქართველი
მალხაზ ნაკაშიძე
სამართლის დოქტორი, ბსუ-ს პროფესორი
ევროკავშირის მხარდაჭერით დაფუძნებული ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი
მოგესალმებით მეგობრებო. ამ ბლოგის დაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა გუშინ ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა მოვისმინე. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის სახელწოდებაა „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“ განსაზღვრავს რომ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. ეს დებულება ადგენს საქართველოს ხელისუფლების ყველა ორგანოს კონსიტუციურ ვალდებულებას ქვეყნის უმთვრესი მიზნის – ევროკავშირში ინტეგრაციის მისაღწევად. ევროკავშირი არის პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც შეიქმნა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ და მისი უმთავრესი მიზანი იყო მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევროპაში. იგი დაფუძნებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტურ, საერთო ღირებულებებზე, რაც აღიარებული უნდა იყოს მათ შორის კავშირში გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყნის მიერ. საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, სადაც აღიარებულია ეს ღირებულებები და ხელშეკრულება წარმოადგენს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლიან გეგმას.
გუშინ ქალაქ გორში სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრჯერ ახსენა ევროპა, ევროკავშირი, თუმცა ამ შეხვედრაზე არ ყოფილა ევროკავშირის ერთი დროშაც კი და მან ოკუპანტი რუსეთი ახსენა მხოლოდ ერთხელ, როცა საუბარი იყო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე, რამაც მისი აზრით, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა მოსახლეობას. ერთხელაც არ ყოფილა ნახსენები რუსეთის ოკუპაცია, რომელიც დღესაც გრძელდება საქართველოში, თითქმის ყოველ დღე იტაცებენ და კლავენ საქართველოს მოქალაქეებს. ივანიშვილმა თქვა, რომ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას (აქ გულისხმობს ევროკავშირს, აშშ-ს, მთლიანად დასავლეთს), რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევა უნდა და სწორედ ამიტომ მათი ამოცანაა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის.
ალბათ მსოფლიოში, დემოკრატიულ სამყაროში, არ მოიძებნება მაგალითი, რომ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს ისეთი მიზნებიდა დაპირებები, როგორც ქართულ ოცნებას. მათ არ აქვთ არცერთი დაპირება, რომელიც ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქვეყნის განვითარებას შეეხება. წარმოვიდგინოთ რას ნიშნავს საკონსტიტუციო უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტში არის 150 წევრი, საიდანაც ქართული ოცნება ითხოვს 113 მანდატს. საკონსტიტუციო უმრავლესობას მმართველი პარტია ითხოვს შემდეგი მიზნებისთის: აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, მიიღოს “ოჯახური ტრადიციების” დაცვის კანონი, ქრისტიანობა გამოაცხადოს სახელმწიფო რელიგიად და აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
დასახელებული მიზნები არის ტყუილი და რაც მთავარია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან, რასაც საქართველო აღიარებს ქვეყნის სამართლებრივი სისტემის ნაწილად. მთლიანად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის წარმოუდგენელი და ანტიდემოკრატიული განცხადება. დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სამართლებრივი მექანიზმი, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილ შემთხვევბში. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ამავე დროს, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამგვარად დიდი ტყუილია, როდესაც საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა რომელიმე პარტიის აკრძალვისთის. თუმცა ამ პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც გააჩნდა და შეეძლო პარტიების მიმართ მიეღო გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, თუმცა ეს არ გაუკეთებია. მმართველმა პარტიამ სცადა ტყუილი არგუმენტის გამოყენება და თქვა, რომ პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის ნაწილი და დაასახელა უკრაინა და მოლდოვა, სადაც მათი აზრით აიკრძალა ოპოზიციური პარტიები. სინამდვილეში კი ამ ქვეყნებში აკრძალეს პრორუსული პარტიები, ვინც ღიად თანამშრომლობდა მტერთან, რუსეთთან და ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რაც ამ ქვეყნების კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და ისევე როგორც ეს ნახსენებია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლში.
მეორე, ასევე დიდი ტყუილია, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ იღებს კანონს “ოჯახური ღირებულებების” დაცვის მიზნით. საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცულია ოჯახი, არასრულწლოვანთა უფლებები და აღიარებულია ყველა ადამიანის, მათ შორის უმცირესობების უფლებები, ისევე როგორ ევროკავშირში და საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული კანონპროექტის შემოტანა მთავრობას დასჭირდა წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა მანიპულაციის, საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის მიზნით. მათ მსგავსი ინიციატივა არ ჰქონიათ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში. ეს კანონები ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს, ასევე მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის მონაწილეა საქართველო.
მესამე, ასევე არის ტყუილი და მანიპულაცია, როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადოს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით. კონსტიტუციის მე-8 მუხლი ადგენს: “რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში” ამგვარად საქართველოში მართლმადიდებლობას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტატუსი და იგი შეესაბამება საქართველოს, როგორც სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს. გარდა ამისა, ასეთი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდა თავად მართლმადიდებელი ეკლესია, სადაც განაცხადეს, რომ ეს იქნებოდა სახელმწიფოზე ეკლესიის დაქვემდებარება და არ მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას. ამგვარად ეს საკითხიც წინასაარჩევნოდ არის წამოწეული რათა მმართველმა პარტიამ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გარკვეული დაპირებების გზით მოიპოვოს მხარდაჭერა ეკლესიის მრევლში.
მეოთხე, რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, კონსტიტუციის მე-7 მუხლში განსაზღვრულია: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონებით, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა გადაისინჯება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ”. დღეს არ არსებობს არავითარი წინაპირობა ასეთი შესაძლებლობის დადგომის შესახებ, თუმცა ასეთი პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი, წარმოუდგენელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობის განსაზღვრა, ერთი პარტიის მიერ გადაწყდეს. კონსტიტუციის მიხედვით, ამ საკითხის გადაწყვეტისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნა თავისი არსით მოითხოვს სწორედ ყველა პოლიტიკური პარტიის, საზოგადოების წარმომადგენლების, რეგიონების, თვითმმართველობის მონაწილეობას და არის ხანგრძლივი პროცესი. საკონსტიტუციო უმრავლესობა მმართველ პარტიას შეიძლება სჭირდებოდეს ერთადერთ შემთხვევაში – თუ იგი აპირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას, შემდეგ კი მათთან ერთად სახელმწიფოთა გაერთიანების – კონფედერაციის შექმნას, რაც არის ოკუპანტი რუსეთის დიდი ხნის ოცნება. მოგეხსენებათ, კონფედერაციიდან ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გავიდეს მისი სუბიექტი სახელმწიფო. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია რომელიმე პოლიტიკური პარტია წავიდეს ასეთი კანონის მიღების წინააღმდეგ, თუ იგი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესებიდან და ქვეყნის კონსტიტუციიდან.
ამგვარად, ივანიშვილის მიერ დასახელებული მიზნები, გარდა იმისა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, არის დიდი ტყუილი. წარმოიდგინეთ ოცნება ითხოვს ხელისუფლების ისეთ კონსოლიდაციას, სადაც ყველაფერს ერთი პარტია გადაწყვეტს სხვა რომელიმე პარტიის მონაწილეობის გარეშე. ამ დროს პარალელურად საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაცია არის მათი მიზანი და საბოლოოდ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის იბრძვიან. მათ უნდა შევახსენოთ, რომ ევროკავშირში არის დემოკრატია, ხელისუფლების დანაწილება, დამოუკიდებელი სასამართლო, მრავალპარტიული პარლამენტი და არსად გვხდება ერთი პარტიის არა თუ საკონსტიტუციო, არამედ ხშირად უბრალო უმდაბლესობაც კი. ევროპა დაფუძნებულია მრავალპარტიულობაზე და კოალიციურ მმართველობაზე. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოდელის მმართველობა არსებობს მხოლოდ რუსეთში და ჩრდილოეთ კორეაში. აი რეალურად ამ პერსპექტივას სთავაზობს საქართველოს მთავრობა ქართველ ხალხს, რაც შეიძლება მხოლოდ ძალიან გაუნათლებელმა ან ღირსებისგან სრულიად დაცლილმა ადამიანმა დაიჯეროს და მხარი დაუჭიროს.
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის გამოსვლაში ყველაზე შემაშფოთებელი იყო 2008 წლის ომთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. მან აღნიშნა, რომ ომის გამოუსწორებელი შედეგები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს, ეს არის ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღალატი, ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის, მათ 12 წელი დასჭირდათ საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიეცათ. მან თქვა, რომ ომის გამჩაღებელი არის „ნაციონალურ მოძრაობა“ და ხელთ აქვთ მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი მტკიცებულება და როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. მან ასევე პირობა დადო, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
ფაქტიურად გუშინ სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო დაადანაშაულა ომის დაწყებაში. ოკუპანტი რუსეთის პასუხისმგებლობაზე მას საერთოდ არაფერი უთქვამს. კარგად არის ცნობილი, რომ 2012 წლიდან მმართველი პარტია აწარმოებდა სიძულვილზე დაფუძნებულ, აქტიურ პროპაგანდისტულ კამპანიას ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ სწორედ 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ამ თემას პოლიტიკური მიზნებისთის სხვადასხვა საარჩევნო კამპანიაში იყენებდა. შესაძლებელია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ვინმე არ ეთანხმებოდეს პოლიტიკურ საკითხებში, არსებობდეს ცალკეული შეცდომები, გადაცდომები, თუმცა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებამ დაადასტურა, რომ ეს მხოლოდ რუსეთის პასუხიმგებლობა იყო. თუ წლების წინ, რუსული პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად ცდილობდა ქართული საზოგადოებისთვის დაეჯერებინა, რომ ომი საკუთარ ტერიტორიაზე საქართველომ დაიწყო, ბოლო წლებში ყველაფერი ნათელი გახდა. ყველაზე ავტორიტეტულმა საერაშთორისო სასამართლოებმა – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასმართლომ დაადგინა, რომ რუსეთი და სეპარატისტები არიან პასუხიმგებელნი საქართველოში შემოჭრაზე, ომის გაჩაღებაზე და საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი, ქართველ სამხედროებს არ ჩაუდენიათ ომის დანაშაული. გარდა ამისა, ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა, რომ 2008 წლის ომამდე რამდენიმე წლის წინ, მისი დავალებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მოამზადა გეგმა საქართველოში სამხედრო შემოჭრის შესახებ. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დღეს ასეთი განცხადებები არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი, რომელსაც უკვე აქტიურად იყენებს რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებების გამოყენებით. ქართული ოცნების წარმომადგენლები ხშირად ახსენებენ გიორგი ანწუხელიძეს, შინდისის გმირებს, ქვეყნის დაცვისთის დაღუპულ სხვა გმირებს, თუმცა დღეს გამოგვიცხადეს, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ამ გმირების მკვლელ სეპარატისტებს და რუსებს, რაც არის მათი სახელის დიდი შეურაცხყოფა და ქვეყნის ღალატის აღიარება. საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველომ სეპარატისტების და რუსეთის მიმართ, რომლებმაც გაუგონარი სისატიკე ჩაიდინეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოყარეს თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან და ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, 9 აგვისტოს დაიღუპა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი ამირან მამალაძე, რომლის ხსოვნას ყოველ წელს უნივერსიტეტი პატივს მიაგებს. გუშინდელი გამოსვლიდან გამომდინარე, ამირან მამალაძის ოჯახმა ბოდიში უნდა მოუხადოს ოსებს და რუსებს? საინტერესოა რას ფიქრობენ ამ საკითხზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში და გაემიჯნებიან თუ არა მთავრობის ამ განცხადებას. საქართველოს ბოდიში არავისთვის აქვს მოსახდელი და მე მეჯრა, რომ რუსეთი არა მხოლოდ ბოდიშს მოიხდის საქართველოს წინაშე, არამედ სწორედ რუსეთის მიმართ გაიმართება ნიურნბერგის პროცესი, სადაც გაასამართლებენ ვლადიმერ პუტინს, რომელზეც უკვე გამოცხადებულია ძებმა საერთაშორისო სამართლის მიერ, ასევე დაისჯება ყველა დამნაშავეს ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა.
მეგობრებო, ალბათ ყველა კარგად ხვდებით, რომ საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას – იცხოვროს დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში და რეალური საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფოს არსებობას. როგორც თავად ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი საარჩევნო კამპანიის მიზანი არის წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება დაომი, რაც მოაქვს მხოლოდ რუსეთს. რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 1990-იან წლებში და წგვართვა აფხაზეთი, 2008 წელს კვლავ შემოიჭრა საქართველოში და დღეს ქვეყნის 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსეთი ასევე შეიჭრა უკრაინაში, სადაც დღესაც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას, ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს, უფრო ადრე რუსეთი შეიჭრა მოლდოვაში და მიიტაცა მოლდოვის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია დნესტრისპირეთი, რომელსაც დღესაც აკონტროლებს. ამგვარად ომი უკავშირდება მხოლოდ რუსეთს. რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, არ ცნობს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, არ ეგუება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებად არსებობას. რუსეთი ოფიციალურად გამოცხადებულია ოკუპანტ სახელმწიფოდ. დღეს რუსეთი კვლავ ცდილობს დაგვიპყროს და დავრჩეთ მისი გავლენის ქვეშ, როგორც ეს იყო 70 წლის განმავლობაში. მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება კი არის მხოლოდ ევროკავშირში, სადაც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, ომი არ ყოფილა, წევრი ქვეყნები განვითარდნენ და მოქალაქეებმა მიაღწიეს კეთილდღეობას. ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიენების შემთხვევაში.
ყველამ უნდა დავიჯეროთ, რომ საქართველოს მთავრობაში მყოფი პარტია, რომლის პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და რომლის ქმედებების გამო შეჩერდა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ვერავითარ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მას უბრალო უმრავლესობის მოპოვების შანსიც არ აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ხალხი ვინც დღეს ამ კამპანიაში მონაწილეობს სხვადასხვა სახით, მხარს უჭერს ოცნებას, ავრცელებს პროპაგანდისტულ ტყუილებს, ყველა მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი პირადი სარგებლის გამო! თუ რომელიმე პროფესორი ან ადმინისტრაციის წარმომადგენელი გეტყვით, რომ ეს ასე არ არის, ეს იქნება ტყუილი. ვიცი რომ უნივერსიტეტში თუ სკოლაში ჯერ კიდევ არასწორ, გაყალბებულ ისტორიას ასწავლიან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ და ბევრი კეთილგანწყობილია ოკუპანტი რუსეთის მიმართ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვხედავ ახალგაზრდებს, ვისთანაც ბევრი საუბარი მქონია ევროპული ღირებულებების, ევროინტეგრაციის შესახებ, თუმცა ისინი დღეს კვლავ არიან ასეთი ანტიკონსტიტუციური პოლიტიკის მხარდამჭერები და მონაწილეობენ კამპანიაში. მე ასევე ძალიან ვწუხვარ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და სტუდენტური თვითმმართველობის ცალკეული წარმომადგენლები მონაწილეობენ ამ ანტიკონსტიტუციურ კამპანიაში და უცხოური გავლენის აგენტებს გვიწოდებენ ყველას, ვინც ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. გთხოვთ ყველას გაემიჯნოთ მათ და მხარი დაუჭიროთ ჩვენი კონსტიტუციური მიზნის განხორციელებას. თუმცა ამავე დროს მიხარია, რომ ვხედავ ისეთ ადამიანებსაც, ვინც გვიან, მაგრამ მაინც გაერკვა ვითარებაში და დადგა ისტორიის სწორ მხარეს, საქართველოს ევროპული არჩევანის დასაცავად.
მეგობრებო, 2024 წლის 26 ოქტომბერი არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღეს უნდა გადავწყვითოთ შეგვიძლია დავძლიოთ ბნელი რუსული, საბჭოთა წარსული და გავხდეთ ნამდვილი დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო თუ კვლავ დავრჩეთ ჩამორჩენილი, ავტორიტარული რუსეთის გავლენის ქვეშ.
მე არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ეს ბლოგი დავწერე როგორც ერთმა მოქალაქემ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და ბევრს მუშაობს ამ მიზნისთვის აკადემიაში. დღეს მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები, მათ შორის რუსული კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ქართველი ხახლის უმრავლესობის ნებას და ამიტომ მხარს ვუჭერ მთავრობის შეცვლას 2024 წლის არჩევნებზე.
პირველად მოხდა, რომ ევროპამ ოფიციალურად აღიარა საქართველო ევროპულ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პერსპექტივის მქონე სახელმწიფოდ. დარწმუმებული ვარ, ყველა თქვენთაგანი მიხვალთ არჩევნებზე და მიიღებთ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ. შეიძლება ასეთი ისტორიული შანსი მომავალში აღარ მოგვეცეს და ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ოქტომბერში! დღეს კი აუცილებელია გავაპროტესტოთ ასეთი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ინიციატივები!
ყველანი არჩევნებზე! ვირჩევთ ევროპას!
რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი მტერია!
გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე, მოიწონოთ გვერდი და დაელოდოთ სიახლეებს https://www.facebook.com/EUCONST
ასევე გთხოვთ ეწვიოთ ევროკავშირის მხარდაჭერით დაფუძნებული ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს და წაიკითხოთ პუბლიკაციები ევროინტეგრაციის შესახებ, ასევე მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს ღონისძიებებში http://jeanmonnetchair.edu.ge