მალხაზ ნაკაშიძე დაიბადა ქედის რაიონში 1975 წლის 8 ოქტომბერს. 1992 წელს დაამთავრა დაბა ქედის დავით გურამიშვილის სახელობის საშუალო სკოლა. 1994-1999 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2000-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. ქვეყანაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების და განათლების რეფორმის გამო, 2006-2010 წლებში ასევე სწავლობდა იმავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში (ხელმძღვანელი პროფ. ავთანდილ დემეტრაშვილი).
2010 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე თემაზე „ხელისუფლების განშტოებებთან პრეზიდენტის ურთიერთობათა თავისებურებანი მმართველობის ნახვერადსაპრეზიდენტო სისტემებში – (საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მაგალითზე)” და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2012 წელს როგორც ფონდ ღია საზოგადოების (OSF, Budapest) კონკურსში (CARTI) გამარჯვებული სტიპენდიანტი, პოსტ სადოქტორო კვლევის განსახორციელებლად იმყოფებოდა ირლანდიის რესპუბლიკაში, დუბლინის უნივერსიტეტის სამართლისა და მმართველობის სკოლაში, სადაც კვლევას ახორციელებდა ირლანდიის სამეფო სამეცნიერო აკადემიის წევრის, პროფესორ რობერტ ელჯის ხელმძღვანელობით. მისი პოსტ-სადოქტორო კვლევა “ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოში” გამოქვეყნდა დიდ ბრიტანეთში მაკმილანის გამომცემლობის მიერ 2016 წელს.
ამჟამად მალხაზ ნაკაშიძე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესთა სფეროებია შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართალი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მალხაზ ნაკაშიძემ თავისი აკადემიური კარიერა დაიწყო 1999 წელს, როგორც სამართლალმცოდნეობის მიწვეულმა ლექტორმა (1999-2006), ხოლო შემდეგ გაიარა ყველა აკადემიური საფეხური, ეკავა ასისტენტ-პროფესორის (2006-2011) და ასოცირებული პროფესორის (2011-2021) აკადემიური თანამდებობები. 2020 წლიდან ევროკომისიის კონკურსში გამარჯვების შედეგად, ის გახდა ბსუ-ში პირველი ჟან მონეს კათედრის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და ჟან მონეს პროფესორი ევროკავშირის კონსტიტუციურ სამართალში. 2023 წელს მალხაზ ნაკაშიძემ მეორეჯერ გაიმარჯვა ევროკომიიის კონკურსში და კვლავ მიენიჭა ჟან მონეს პროფესორის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმების შესახებ სასწავლო მოდულის განსახორციელებლად.
აკადემიური თანამდებობის გარდა, მალხაზ ნაკაშიძეს ეკავა ადმინისტრაციული და არჩევითი თანამდებობები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კერძოდ, 2007 წელს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ის არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად). მალხაზ ნაკაშიძემ ეს თანამდებობა 2009 წლის თებერვალში, უნივერსიტეტის რექტორთან უთანხმოების გამო და აჭარის მთავრობის მოთხოვნით, ვადაზე ადრე დატოვა. 2014-2018 წლებში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მალხაზ ნაკაშიძე იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს (სტუდენტები და პროფესორები) მიერ არჩეული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად.
მალხაზ ნაკაშიძეს გააჩნია საერთაშორისო კვლევითი საქმიანობის დიდი გამოცდილება. 2023 წელს მან გაიმარჯვა ევროკავშირის კონკურსში და მოიპოვა ჟან მონეს კვლევითი სტიპენდია ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტში, იტალიაში, ფლორენციაში. სტიპენდიის ფარგლებში, ის როგორც მიწვეული მკვლევარი პროფესორი, 2023-2024 აკადემიურ წელს, ამავე ინსტიტუტის რობერტ შუმანის წამყვანი კვლევების ცენტრში ახორციელებს კვლევას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის საკითხებზე. 2016 წელს მალხაზ ნაკაშიძემ გაიმარჯვა აშშ-ის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში (Fulbright Visiting Scholar Program) და პირველად ბსუ-დან და რეგიონული უნივერსიტეტებიდან, მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია. სტიპენდიის ფარგლებში ის 2016-2017 სასწავლო წელს იყო ფულბრაიტის მკვლევარი ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში, სადაც განახორციელა კვლევა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე. 2018 წლის ოქტომბერში მალხაზ ნაკაშიძე იყო მიწვეული მკვლევარი რომის საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში. იმავე წელს მალხაზ ნაკაშიძემ მოიპოვა ლატვიის სახელმწიფო კვლევითი სტიპენდია (Latvian State Research Scholarship 2018/2019) და 2019 წელს იყო მიწვეული მკვლევარი ლატვიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. მალხაზ ნაკაშიძე არის თურქეთის მთავრობის დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის (Mevlana Exchange Program) 2018 წლის გამარჯვებული და ლექციებს კითხულობდა ათათურქის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, თურქეთის ქალაქ ერზრუმში. მალხაზ ნაკაშიძე არის ასევე ერაზმუს + გაცვლითი პროგრამების გამარჯვებული და ლექციები წაიკითხა ევროინტეგრაციის საკითხებზე ჩრდილოეთ მაკედონიაში, სტიპის გოცე დელჩევის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე (ნოემბერი 2023), ასევე პოლონეთში, ბიალისტოკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ოქტომბერი 2022).
მალხაზ ნაკაშიძე არის ICON•S საქართველო – საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული წარმომადგენლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. მალხაზ ნაკაშიძე ICON•S-თან თანამშრომლობდა 2016 წლიდან, აშშ-ში ფულბრაიტის კვლევითი ვიზიტის პერიოდიდან და ახორციელებდა სხვადასხვა კვლევით პროეექტებს საზოგადოების წევრებთან ერთად, ასევე პერიოდულად მონაწილეობდა საზოგადოების კონფერენციებში. 2021 წელს, ICON•S-თან თანამშრომლობისას გაჩნდა ICON•S საქართველოს შექმნის იდეა და მალხაზ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, დაიწყო ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით. საბოლოოდ, 2023 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა ICON•S საქართველოს ინაუგურაცია და საზოგადოება ოფიციალურად ამოქმედდა. საზოგადოება აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებს, დოქტორანტებს და სტუდენტებს.
მალხაზ ნაკაშიძე წარდგენილი აქვს მოხსენება 100-მდე საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმზე ევროპაში (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, პოლონეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ლიეტუვა, ლატვია, პორტუგალია, ნორვეგია, ესპანეთი, თურქეთი, იტალია, უკრაინა, სომხეთი, ირლანდია), აშშ-ში და სამხრეთ კორეაში.
მალხაზ ნაკაშიძეს გამოცემული აქვს სახელმძღვანელო, წიგნი, მონოგრაფია, წიგნის თავები და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, ბლოგი, ანგარიში საქართველოში და საზღვარგარეთ, ქართულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე კონსტიტუციური სამართლის აქტუალურ საკითხებზე. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მოქნე ჟურნალებში, წიგნებში და ინდექსირებულია Web of Science, Scopus-ის და სხვა საერთაშორისო აკადემიურ ბაზებში.
მალხაზ ნაკაშიძე არის კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციის, საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, ფულბრაიტის საერთაშორისო ასოციაციის წევრი და პოლიტიკური კვლევების ევროპული კონსორციუმის (ECPR) მუდმივი კომიტეტის წევრი.
აკადემიური კარიერის პარალელურად, მალხაზ ნაკაშიძეს გააჩნია საჯარო (2004-2011) და კერძო სექტორში (2000-2004) მუშაობის გამოცდილება. მას სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. კერძოდ, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (2004-2005), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი (2005-2007), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (2009–2010), კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (2010-2011). საჯარო სამსახურში შესვლამდე, მალხაზ ნაკაშიძე იყო კერძო იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი (2003-2004), ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფესიული გაერთიანების “ღირსება” დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2004-2005), ფონდ „სამართლიანი არჩევნები“-ს რეგიონალური კოორდინატორი (2004) აჭარის რეგიონში.
მალხაზ ნაკაშიძე არის უპარტიო. 2016 წელს მონაწილეობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, როგორც ბათუმის #69 საარჩევნო ოლქში უმაღლესი საბჭოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი, ასევე პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის”.
2015 წელს, მალხაზ ნაკაშიძე, როგორც კანდიდატი, მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ასევე რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში. რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა სამსახურების აქტიური ჩარევის პირობებში, არათავისულალ და არათანასწორ გარემოში ჩატარდა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პირადი რეზიუმე სრულად.