//
სიახლეები

რას სიახლეებს სთავაზობს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები უნივერსიტეტს?

2015 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები „უმაღლესი განათლების შესახებ“ და  „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, აღნიშნული ცვლილებები უნივერსიტეტებში სწავლის, სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციას ისახავს მიზნად. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ძირითადად პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება თუ რამდენად მოახერხებენ უნივერსიტეტები ამ ცვლილებების რეალურად ცხოვრებაში გატარებას. ჩვენი მიზანი არ არის მიღებული კანონის სიღრმისეული განხილვა, მაგრამ ზოგადად გამოვყოფთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს.

უნივერსიტეტის სტატუსი

დრემდე მოქმედი კანონის მკიხედვით უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. ცვლილებების თანახმად კი  უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ან სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. ამგვარად დაწესებულება ჩაითვლება უნივერსიტეტად თუ ის მხოლოდ მეორე და მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. ასევე დადგინდა, რომ უნივერსიტეტს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ.

სტრუქტურული ცვლილებები – კვლევითი ინსტიტუტების სტატუსი

2005 წლიდა საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული რეფორმის შედეგად, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი რომლებიც არსებობდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, უნივერსიტეტებს შეუერთდა. ასეთი სამი ინსტიტუტი არსებობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტრუქტურაში. ინსტიტუტებს აქვთ თავიანთი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა მათ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტის მართვის ორგანოები იღებენ. თვით ინსტიტუტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მიიღონ დამოუკიდებელი, საკადრო, საფინანსეო,  სამეცნიერო და ა.შ. გადაწყვეტილებები. ცვლილებების მიხედვით ოთხი სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი განისაზღვრა: დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), სსიპ სსიპთან ანუ უნივერსიტეტს, როგორც სსიპ-ს შეუძლია შექმნა ასევე მასთან დაქვემდებარებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი სსიპ-ს სტატუსით, უნივერსიტეტის ფარგლებში არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ერთეული და ფაკულტეტის შიგნით არსებული სამეცნიერო კვლევითი ერთეული. ერთადერთი სიახლე რაც აქ არის, ეხება  სსიპ-ს სსიპ-თან ანუ უნივერსიტეტს აქამდე არ შეეძლო შეექმნა კვლევითი ინსტიტუტი სსიპ-ს სახით. ცვლილებების შემდეგ უნივერსიტეტს სურვილის შემთხვევაში, შეუძლია თავის სტრუქტურაში არსებული კვლევითი ინსტიტუტი შექმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტატუსით, რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა უნივერსიტეტის თანხმობით.

კანონის მიხედვით, უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. მართალია კანონში დაზუსტდა ეს საკითხი, მაგრამ კანონის მიღებამდეც უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის მოქმედ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულს, (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა), სრულად შეეძლოთ მონაწილეობა მიიღოთ სასწავლო პროცესში. თუმცა როგორც ჩვენი უნივერსიტეტის პრაქტიკა ადასტურებს მათი მონაწილეობა სასწავლო პროცესში წლების განმავლობაში ძალიან მინიმალურია. ასევე აქტუალურია საკითხი საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტებს შორის კვლევით სფეროში კომპეტენციების გამიჯვნის შესახებ რადგან ხშირად მათი კვლევის თემატიკა არ არის ნათლად განსაზღვრული და გამიჯნული.

რა სიახლეს შეიტანს ახალი აკნონი ამ პროცესში? წლების განმავლობაში სტრუქტურული ორგანიზაცია და სტატუსი იყო მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის შიგნით მოქმედი ინსტიტუტების თანამშრომლებისათვის. ისინი მიიჩნევდნენ, რომ უნივერსიტეტში არსებული ბიუროკრატიული მექანიზმები დიდად აფერხებდა მათ საქმიანობას. ეს მოსაზრება სამართლიანია, თუმცა თუ ჩვენი მიზანია სასწავლო და კვლევითი პროცესის დაახლოება, სტატუსი არ შეიძლება იყოს უნივერსიტეტში კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ერთადერთი გარანტია. ამ ცვლილებებით ინსტიტუტებს (თუ ისინი სსიპ იქნებიან), მიეცემათ დამოუკიდებელი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის, ადმინისტრაციული  საქმისწარმოების უფლება, რაც გაამარტივებს ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მეორე მხრივ, სსიპ-ს სტატუსი ასევე გულისხმობს საკუთარი ბიუჯეტის არსებობას, რომელსაც ისინი დამოუკიდებლად განკარგავენ და დააფინანსებენ თავიანთ კვლევით პროგრამებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს. ბათუმის უნივერსიტეტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს მოქმედი სამი დამოუკიდებელი ინსტიტუტის დაფინანსება ძალზედ მწირია, ის ძირითადად მხოლოდ სახელფასო ფონდს შეადგენს და მათ კვლევითი სამიანობის განვითარებისათვის თანხები თითქმის არა აქვთ. დამოუკიდებელ სსიპ-ად გარდაქმნის შემთხვევაში მათი დაფინანსებისათვის (ამ დროს სავარაუდოდ ხარჯები გარკვეულად გაიზრდება) სახელმწიფომ უნდა გაზარდოს სუბსიდია ან თანხები უნდა გამოყოს თავად უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტს კი არა აქვს შესაბამისი ფინანსები თავისთვის და ბიუჯეტის დაახლოებით 75%-ს ასევე ხელფასი შეადგენს. ფინანსური რესურსის გარეშე ინსტიტუტების განვითარება სტატუსის ამაღლების მიუხედავად რთული იქნება. 

მეცნიერის სტატუსის და სამეცნიერო პერსონალის განსაზღვრა

ცვლილებების მიხედვით „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში განისაზღვრა ცნება „მეცნიერი“ – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო  პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიეროკვლევით მუშაობას. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი. ეს საკითხები აქამდე განსაზღვრული იყო მხოლოდ „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამდენად აქ არსებითად მხოლოდ ის შეიცვალა, რომ უნივერსიტეტის პერონალის ჩამონათვალში დაემატა სამეცნიერო თანამდებობები და შემოდის სიახლე – პოსტდოქტორანტის პოზიცია.

როგორც კანონის ავტორები აცხადებენ, მათი მიზანი იყო მეცნიერთა უნივერსიტეტის კვლევით საქმიანობაში აქტიურად ჩართვა, რასაც ეს ცვლილებები ალბათ გარკვეულწილად შეასრულებს.  აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონის თანახმად მეცნიერთა გარდა,  უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობენ ან/და წარმართავენ ასევე პროფესორები (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი). მიუხედავად იმისა, რომ კანონი მისი მიღებიდან დღემდე ითვალისწინებს პროფესორების კვლევით ფუნქციებს, რეალურად მათი უმრავლესობა კვლევით საქმიანობაში მინიმალურად არის ჩართული. ამას დიდწილად ხელს უწყობს უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის პირთა აკადემიური დატვირთვების სისტემა, სადაც სასწავლო კომპონენტზე დაახლოებით 70 % მოდის. პროფესორები ჩვენს უნივერსიტეტში ძირითადად ლექციებს კითხულობენ. ანუ ისინი ნაკლებად ქმნიან სამეცნიერო პროდუქტს, ახალ ცოდნას და რეალურად ვერ ასრულებენ პროფესორის ფუნქცის ორივე კომპონენტს. ამდენად კანონი შეიძლება კარგად განსაზღვრავდეს მეცნიერის სტატუსს, მაგრამ მხოლოდ იგი ვერ გაზრდის მათ კვლევით საქმიანობაში ჩართულობას. ამას ადასტურებს საქართველოს ზოგიერთ უნივერსიტეტში მიღწეული შედეგები, როდესაც ამ კანონის მიღებამდეც წარმატებით იყვნენ ჩართულნი კვლევით საქმიანობაში როგორც აკადემიური თანამდებობს პირები, ასევე ამ უნივერსიტეტებთან გაერთიანებული კვლევითი ინსატიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები. ამავე დროს არსებობს უნივერსიტეტები სადაც მათი ინტეგრაცია ვერ მოხერხდა. ამდენად ამ პრობლემის მიზეზი მხოლოდ კანონში მეცნიერის სტატუსის განუსაზღვრელობა არ არის.

სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია 

კანონს შემოაქვს უნივერსიტეტის სამეცნიერო პერონალის ატესტაცია. უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულსა და ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ტარდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რომელიც უნდა დასრულდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონის ამოქმედების წლის მომდევნო საფინანსო წლის ბოლომდე. კანონი ამოქმედდა 2016 წლის 10 დეკემბერ, შესაბამისად ატესტაციის პროცესი უნდა დასრულდეს 2017 წლის ბოლომდე.

პირველ რიგში, უნივერსიტეტმა უნდა შეიმუშავოს სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესი და შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს უნივერსიტეტის  წესდებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ატესტაციის შედეგები იწვევს იმ სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის შრომითი ხელშეკრულების ვადა არ გასულა. ეს კი გულისხმობს, რომ ის მეცნიერები, რომლებიც ვერ გაივლიან ატესტაციას კვლევით ინსტიტუტებში ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას და ამ ვაკანსიებზე შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსები თუ უნივერსიტეტი ჩათვლის საჭიროდ შეინარჩუნოს ეს საშტატო ერთეულები.

თუ წარსულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ეს პროცესი მტკივნეული იქნება იმ უნივერსიტეტისათვის, სადაც ძალზედ ხშირად ადგილი აქვს ნეპოტიზმს. ამიტომაც აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო კომპონენტის შემოღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასებისას. ატესტაციის კომისიაში უნდა მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები და მეცნიერის მოღვაწეობის შეფასებეისას ერთ-ერთი კრიტერიუმი უნდა იყოს მისი საერთაშორისო აღიარება, მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, საერთაშორისო პუბლიკაციები და სხვ. სხვა შემთხვევაში ატესტაცია არ მოემსახურება კვალიფიკაციის ამაღლების მიზანს. ატესტაცია საშუალებას იძლევა შეფასდეს მეცნიერთა კვალიფიკაციის დონე და მოხდეს მათი დასაქმება მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის ან მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. თუ რეალურ და ობიექტურ ატესტაციას ჩავატარებთ, შევინარჩუნებთ კვალიფიციურ პერსონალს, ხოლო ატესტაციის გარეთ დარჩენილ პირებს მივცემთ შანსს დაიკავონ უფრო დაბალი რანგის მეცნიერის თანამდებობა ან გაიუმჯობესონ თავიანთი კვალიფიკაცია და მონაწილეობა მიიღონ მომავალ კონკურსებში.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი 

კანონის მიხედვით უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.  ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  შეფასების  საერთაშორისო  სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა). საერთაშორისო კომპონენტი არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და კვალიფიციური სამეცნიერო პროდუქტის შექმნისათვის. მნიშვნელოვანი იქნება თუ რამდენად ობიექტური კრიტერიუმები დადგინდება და შემდეგ რამდენად ობიექტურად მოხდება კვლევითი საქმიანობის შეფასება. სამწუხაროდ ჩვენი პროფესორების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა კვლევითი საქმიანობის, ნაშრომების პუბლიკაციისა თუ აკადემიური თანამდებობებზე პროფესორთა შესარჩევად შექმნილ კომისიებში არ არის სასურველი და ამ ფუნქციას ადგილობრივი კოლეგებიც კარგად ასრულებენ. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, კვლევითი საქმიანობის შეფასების ობიექტურობა შესაძლებელია ეჭვის ქვეშ დადგეს და  ფორმალური ხასიათი მიიღოს.

პოსტდოქტორანტის პოზიციის შემოღება

ერთ-ერთი ყველაზე კარგი სიახლე არის პოსტდოქტორანტის ინსტიტუტის შემოტანა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. პოსტდოქტორანტი არის  პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში (ფაკულტეტი) ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში (ცენტრი, ინსტიტიუტი და სხვა) აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. დღემდე კანონი მსგავს შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, თუმცა იგი ძალიან გავრცელებული კვლევითი საქმიანობის კომპონენტია და ემსახურება ახალი კადრების რეკრუტირებას უნივერსიტეტებში მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის ეს არის სიახლე, თუმცა ვიცით რომ არაერთი საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სტიპენდიების მოსაპოვებლად  პოსტსადოქტორო პოზიციის დასაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებდა, საქართველოში გასულ წელს პირველად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შემოიღო პოსტსადოქტორო პოზიციები. ანალოგიურად შეეძლოთ მოქცეულიყვნენ სხვა უნივერსიტეტები, რომლებსაც სურდათ კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელება თუმცა ეს ინიციატივა სხვაგან არ განხორციელებულა.

ეს ცვლილება ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება უნივერსიტეტისათვის ახალი კვალიფიციური კადრების, მკვლევარების მოზიდვისათვის და დიდ სტიმულს მისცემს დოქტორანტებს, ახალგაზრდა დოქტორებს გააგრძელონ კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტებში, კვლევით ცენტრებში. თუმცა აქვე დიდია უნივერსიტეტების პასუხისმგებლობა. უნივერსიტეტი შესაძლოა საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს და მოხდეს ახალი ინსტიტუტი მარგინალიზება, თუ მას განიხილავენ როგორც შესაძლო დამატებით სამუშაო ადგილებს და დასაქმების საშუალებას უნივერსიტეტში. პოსტდოქტორანტი შესაძლებელია დაინიშნოს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ღია და საჯარო კონკურსის შედეგად. ამ პოზიციებზე ადგილების რაოდენობა უნდა გამოცხადდეს ცალკეულ მიმართულებაში მხოლოდ ამ კვლევითი ერთეულების სამეცნიერო მიღწევები გათვალისწინებით, არსებული კვლევითი პროექტების ფარგლებში და აუცილებლად საერთაშორისო შფასებითი კომპონენტის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში ეს ინსტიტუტი თავის მიზანს ვერ მიაღწევს.  

კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობა უნივერსიტეტის მართვაში და აკადემიური საბჭოს გაფართოება

ერთ-ერთი სიახლე რომელსაც აღნიშნული ცვლილებები გვთავაზობს, არის აკადემიური საბჭოს საქმიანობაში უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესაძლებლობა. 2016 წლის 1 ივლისიდან უნივერსიტეტში დამოუკიდებელ კვლევით ერთეულებს აკადემიურ საბჭოში უნდა ჰყავდეთ 1 წარმომადგენელი მაინც. ეს ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი რათა უნივერსიტეტში მოქმედმა კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა უნივერსიტეტსი მართვის ორგანოების მუშაობაში. სამწუხაროდ დღემდე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში კვლევით ინსტიტუტებს არ ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები.

ვფიქრობთ, ეს ხელოვნურად შექმნილი ვითარებაა უნივერსიტეტის წინა ხელმძღვანელობის მიერ რათა მარტივად ემართათ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 9 წევრის შემადგენლობით. ჯერ კიდევ 2011 წლის 14 მარტიდან ბსუ-ს წესდებაში შტანილი ცვლილებების შემდეგ, განსაზღვრულია, რომ აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში უნივერსიტეტის თითოეულ ფაკულტეტსა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულს ყავს ერთი წარმომადგენელი. ასევე 2013 წლის 26 ნოემბრის წესდების ცვლილებით კი დადგენილია, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს ამ  ერთეულის სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი, რომელიც არის უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. იმავე 2011 წლის 14 მარტს უნივერსიტეტის წესდებაში უნივერსიტემა შეიტანა ცვლილებები, რომლითაც შეამცირა აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობა, ნაცვლად ფაკულტეტებიდან 2 წარმომადგენლისა, დაადგინა, რომ თითოეულ ფაკულტეტს აკადემიურ საბჭოში ჰყავს 1 წარმომადგენელი. რომ არა ეს ცვლილება დღეს ბსუ-ს აკადემიური საბჭო უნდა იყოს მინიმუმ 22 წევრის შემადგენლობით.

კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები თავის დროზე სწორედ იმ მიზეზით არ შეიყვანეს აკადემიურ საბჭოში, რომ ისინი არ იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, თუმცა ამ ინსტიტუტებში არიან ასეთი სტატუსის მქონე პირები ან შესაძლებელი იყო მათი არჩევა აკადემიურ თანამდებობაზე. ამდენად კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ შესაძლებელი იქნება გაფართოვდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. შედეგად ნაკლები იქნება განცდა იმისა, რომ გადაწყვეტილებები ვიწრო წრეში მიიღება. მეორე მხრივ, ნაკლები შესაძლებლობა იქნება გარკვეული სუბიექტების მხრიდან აკადემიური საბჭოს წევრებზე ზემოქმედებისათვის, სხვადასხვა გარიგებებისათვის როგორც ეს  დღემდე ხდებოდა არჩევნების თუ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამავე დროს, ეს წარმომადგენლობა თავის მიზანს მიაღწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აკადემიურ საბჭოში ავირჩევთ კვალიფიციურ, პრინციპულ და გარკვეული ღირებულებების ერთგულ ადამიანებს.

სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა ფაკულტეტის საბჭოების მუშაობაში

დღემდე უნივერსიტეტის ფაკულტეტზე მოქმედი კვლევითი ერთეულების თანამშრომლები არ ითვლებოდნენ ფაკულტეტის საბჭოს წევრებად. კანონის მიხედვით საბჭოს შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტის აკადემიური   თანამდებობის მქონე ყველა პირი, დამოუკიდებელი სამეცნიერო – კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან აკადემიური პერსონალის , დამოუკიდებელი სამეცნიერო – კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებისა   და სტუდენტთა თვითმმართველობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით არჩეული წარმომადგენლები. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლების ჩართვას ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში, ფაკულტეტის მართვაში.

სადისერტაციო საბჭოების სტატუსი

აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე, უნივერსიტეტში ფაკულტეტზე არსებობდა ერთი სადისერტაციო საბჭო, რომელიც ანიჭებდა დოქტორის აკადემიურ ხარისხს ფაკულტეტში შემავალი ყველა მიმართულების მიხედვით. ახალი კანონის მიხედვით, ფაკულტეტზე შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით იქმნება სადისერტაციო საბჭო. ამავე დროს არსებობს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო. სპეციალობების მიხედვით სადისერტაციო საბჭოების შექმნა მნიშვნელოვანია იმ დიდი ფაკულტეტებისათვის, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე მომიჯნავე დარგის სპეციალობები. როგორც წესი, ვიწრო სპეციალიზაციით სადისერტაციო საბჭოების შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს აკადემიური ხარისხის უფრო კვალიფიციურად და ობიექტურად მინიჭებას, თუმცა თვით დაცვის პროცედურები გამკაცრებას მოითხოვს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა დააწესოს გარკვეული კრიტერიუმები თუ ვინ შეიძლება იყოს არჩეული სადისერტაციო საბჭოს წევრად, რა კვალიფიკაციის მქონე ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს საბჭოს და როგორ უნდა მოხდეს მისი არჩევა, რათა გამოირიცხოს წარსულში დაშვებული შეცდომები.

ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და ერთობლივი აკადემიური ხარისხი 

კანონის ერთ-ერთი ცვლილება შეეხება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და ერთობლივი აკადემიური ხარისხების მინიჭებას. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტებს ან/და უცხო ქვეყნის უნივერსიტეტს შორის, აგრეთვე საქართველოს უნივერსიტეტებს და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს/უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით სსიპ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ დოკუმენტები.

ამ ცვლილებებს შემოაქვს ერთობლივი აკადემიური ხარისხი და ე. წ. ორმაგი აკადემიური ხარისხი, რაც გულისხმობს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციას. მართალია ცვლილებების განხორციელებამდეც გააჩნდათ საქართველოში სხვადასხვა უნივერსიტეტებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამის უცხოურ უნივერსიტეტებთან შეთანხმებების საფუძლელზე, თუმცა კანონით დამატებით დაზუსტდა ბევრი პროცედურული საკითხი.  მსგავსი პროგრამების შექმნით უნივერსიტეტები ხელს უწყობენ ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას და ზრდის გაცვლითი პროგრამის რაოდენობას ქართველი სტუდენტებისა და პროფესორებისათვის. სტუდენტს საშუალება ეძლევა ისწავლოს ერთდროულად საქართველოში და საზღვარგარეთ და მიიღოს ერთობლივი ან ორმაგი დიპლომი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებისათვის საქართველოში.

ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში იგულისხმება პროგრამების განხორციელება, როგორც უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ისე ქვეყნის შიგნით სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის არ არის სხვადასხვა ქართულ უნივერსიტეტებს შორის ამ სფეროში თანამშრომლობის მაგალითები. უნივერსიტეტები უფრო ერთმანეთის კონკურენტებად აღიქვამენ თავს და ნაკლები არის თანამშრომლობის სურვილი. ამას ადასტურებს ისიც, რომ ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა გადის აკრედიტაციას და მას ახორციელებენ უნივერსიტეტები (მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რისთვისაც თუნდაც კვალიფიციური აკადემიური რესურსი მათ არ გააჩნიათ და სხვა უნივერსიტეტთან თანამშორმლობის შემთხვევაში უფრო ხარისხიანი განათლება შეიძლება მივცეთ სტუდენტებს.

უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების განხორციელება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მქანიზმი ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს უნივერსიტეტების სრულყოფილი ინტეგრაციისათვის. ბევრი ქართველი სტუდენტი მონაწილეობს  სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში საზღვარგარეთ განათლების მისაღებად, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. სამწუხაროა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ-ერთ მოწინავედ მიიჩნეოდა გაცვლითი პროგრამების რაოდენობის თავალსაზრისით, არ გააჩნია არცერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამე უცხოეთის უნივერსიტეტებთან, მაშინ, როცა 100-მდე უნივერსიტეტთან თუ კვლევით დაწესებულებასთან აქვს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება თუ მემორანდუმი და თითქმის ყველა მათგანი ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. ამისი მიზეზი ერთი მხრივ, არის ადმინისტრაციის, ფაკულტეტების ნაკლები აქტიურობა და მეორე მხრივ, ჩვენი პროფესორების კვალიფიკაცია, ენის ცოდნის პრობლემა და სხვა.

პროფესორის თანამდებობაზე არჩევის წესი, ვადა და პირობები 

ცვლილებებამდე მოქმედი კანონის მიხედვით, პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. ცვლილებების მიხედვით კი პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. ახალი წესით და პირობებით პროფესორების არჩევა უნდა მოხდეს უნივერსიტეტის ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემდეგ (ბსუ-ს შემთხვევაში 2016 წლიდან).

აქ რამდენიმე მომენტი არის მნიშვნელოვანი. პირველი – განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს. ცვლილებამდე დამატებითი პირობები სრულად შეიძლება განსაზღვრულიყო უნივერსიტეტის წესდებით. ამ შემთხვევაში კი კანონმა დაადგინა, რომ პროფესორად აირჩევა პირი, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები. თუმცა რა არის ეს „მიღწევები“ სრულად განსაზღვრავს უნივერსიტეტი და მასზეა დამოკიდებული თუ რა სტანდარტს დაადგენს პროფესორობისათვის. აქ აუცილებელია გათვალისწინებული იქნას საერთაშორისო გამოცდილება, რათა არ მოხდეს ამ მოთხოვნების გაუფასურება უნივერსიტეტის მიერ. მეორე – პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა. პროფესორი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. თუ პროფესორის, როგორც დარგის წამყვანი მეცნიერის როლს გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ ის სწორედ უვადოდ უნდა აირჩეოდეს. მაგრამ თუ ეს პროცესი არაობიექტურად წარიმართება, არის საფრთხე, რომ პროფესორის თანამდებობა მუდმივად დაიკავონ არაკვალიფიციურმა პირებმა, ხოლო ახალგაზრდა სპეციალისტებს კარიერული წინსვლის საშუალება შეეზღუდოთ. აქვე მიზანშეწონილი იქნებოდა კანონმდებელს უფრო ნათლად დაედგინა პირობები ასოცირებული, ასისტენ-პროფესორების არჩევასთან დაკავშირებითაც. მესამე – პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. სწორედ ეს მესამე მომენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო უნივერსიტეტისათვის, რომლის არაკომპეტენტურმა განხორციელებამ შესაძლებელია უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. პროფესორის შერჩევა და ატესტაცია მხოლოდ ღია და საჯარო პროცესის სახით, საერთაშორისო ავტორიტეტული, კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

ჩვენი გამოცდილების მიხედვით, ეს პროცესი იქნება რთული უნივერსიტეტის მიერ ობიექტური კრიტერიუმებით განხორციელების შემთხვევაში. სამწუხაროდ ჩვენი უნივერსიტეტის რეალობაში აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსები ძირითადად ფორმალურად ტარდება. ძალიან ხშირად საშტატო ერთეულები კონკრეტული პირებისათვის გამოიყოფა და ისინი ყოველგვარი კონკურენციის გარეშე პირდაპირ იკავებენ აკადემიურ თანამდებობებს. სამწუხაროდ ასევე არიან ცალკეული პროფესორები არჩეულნი თანამდებობებზე, რომლებსაც არანაირი განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები არ გააჩნიათ. ამიტომაც თავდაპირველად აუცილებელი იქნება უნივერსიტეტმა დაამტკიცოს კონკურსის, ატესტაციის ისეთი წესი და პირობები რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ნეპოტიზმისა და არაობიექტურობის შესაძლებლობა. თუ ატესტაცია ობიექტურად ჩატარდება, ბევრი პროფესორი ვერ დააკმაყოფილებს წარდგენილ მოთხოვნებს. მართალია უნივერსიტეტზეა დამოკიდებული რა შინაარსს ჩადებს „განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები“-ს ცნებაში, რაც ვფიქრობ მაღალ საერტაშორისო სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს.

რა უნდა გავაკეთოთ უახლოეს პერიოდში კანონის იმპლემენტაციისათვის 

კანონიდან გამომდინარე უნივერსიტემა უნდა მიიღოს: სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი; სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესი, შრომის ანაზღაურების ოდენობა და პირობები; უნივერსიტეტის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობები; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი; პოსტდოქტორანტად არჩევის წესი; აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი; სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის წესი და პირობები; დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაფუძნების კრიტერიუმები და წესი, სხვა დებულებები. უნივერსიტემა არა მხოლოდ უნდა მიიღოს ეს წესები, არამედ მათი განხორციელება უნდა უზრუნველყოს უახლოეს პერიოდში.

გარდა ამისა, უნივერსიტეტმა 2016 წლის 1 ივლისიდან უნდა უზრუნველყოს სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლების აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოში. უნივერსიტემა 2016 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაფუძნების კრიტერიუმებთან და წესთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტების შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის წარდგენა.

როგორც ვხედავთ ძალიან ბევრი ახალი წესები და პირობები შემოდის ამ კანონით. სასურველია რაც შეიძლება ნაკლები რეგულაციები იყოს კანონით დადგენილი და უნივერსიტეტებს მიეცეთ თავისუფლება დამოუკიდებლად განსაზღვრობ სასწავლო და სამეცნიერო პროცესებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები. ნებისმიერი კანონი, რა კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ჰქონდეს მას, დარჩება ქაღალდზე თუ მას ცუდად შეასრულებენ მისი ადრესატები. ამიტომ ამ კანონის მიღებაზე მეტ ძალისხმევას მისი განხორციელება მოითხოვს. მხოლოდ იმედი შეიძლება ვიქონიოთ რომ მოხდება მისი ფართო განხილვა უნივერსიტეტში, აკადემიურ საბჭოში და ცვლილებები ზუსტად ისე განხორციელდება როგორც ეს კანონში წერია.

მალხაზ ნაკაშიძე

სამართლის დოქტორი

ასოცირებული პროფესორი

აკადემიური საბჭოს წევრი

ბათუმის შოთა რუსთაველის

სახელმწიფო უნივერსიტეტი

26 იანვარი 2016, ბათუმი, საქართველო

დისკუსია

კომენტარები ჯერ არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

მალხაზ ნაკაშიძე ინსტაგრამზე